
ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, როგორც კავკასიის რეგიონის უძველესი ოპერის თეატრი, არამარტო თბილისის, არამედ სრულიად საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
ქალაქში საოპერო ტრადიციების დანერგვა კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის სახელს უკავშირდება, რომლის თაოსნობით ოპერის თეატრის მშნებელობას საძირკველი 1847 წლის 15 აპრილს ჩაეყარა.
თეატრის მშენებლობა იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლის 12 აპრილს გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა. პირვანდელი შენობა თბილისის მაშინდელ ერევანსკის - დღევანდელი თავისუფლების მოედანზე მდებარეობდა, თუმცა ძლიერი ხანძრის შედეგად ის 1874 წელს სრულად დაიწვა. მიუხედავად ამისა საოპერო დასს მუშაობა არ შეუწყვიტია და დროებით, ე.წ. „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე გადაინაცვლა. ამ პერიოდმა კი 22 წელი გასტანა, რამეთუ, არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი - ე.წ. ,,სახაზინო თეატრი” - დღევანდელი ოპერის შენობა, მიხაილ გლინკას ოპერით - ,,ივან სუსანინი” - მხოლოდ 1896 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა.
შენობის სახეს აღმოსავლური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს. მისი გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იქნა აღებული.
დღეისათვის, თეატრი, რომელიც ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელის, კომპოზიტორისა, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ფალიაშვილის სახელს 1937 წლიდან ატარებს, 1065 მაყურებელს იტევს.
თავისი ისტორიის მანძილზე თეატრი მსოფლიო დონის საოპერო და საბალეტო წარმოდგენებს მასპინძლობდა და ის დღესაც რჩება რეგიონის წამყვან საოპერო და საბალეტო სცენად.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

თან. ხელოვნების მუზეუმი
110მ

150მ
რუსთაველის თეატრი

260მ
სახელმწიფო კონსერვატორია

350მ
ეროვნული გალერეა

400მ
ქაშვეთის ეკლესია

450მ
ალექსანდრეს ბაღი

500მ
ხელოვნების მუზეუმი

