
აბანოთუბანი
აბანოთუბანი იგივე აბანოების უბანი — თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი უბანი, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და მისი გოგირდის აბანოებით არის ცნობილი. მისი სახელწოდებაც ოდითგანვე, ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს უკავშირდება.
ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X საუკუნის არაბი გეოგრაფი, იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავდა, რომ - „ქალაქში არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით, XIII საუკუნის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII საუკუნის რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც იმ ხანად თბილისში ექვს აბანოს ითვლიდა.
დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII–XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდება.
დღეისათვის, აბანოთუბანი არის ძველი სამყაროს ხიბლისა და თანამედროვეობის სასიამოვნო ნაზავი, სადაც სეირნობისას, თქვენ მომხიბვლელ ვიწრო ქუჩებს შეხვდებით, ხოლო მყუდრო კაფეები და რესტორნები საშუალებას მოგცემთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო, მიირთვათ ტრადიციული ქართული კერძები და ღვინოები.
აბანოთუბანი, მისი გამორჩეული მდებარეობით ასევე საშუალებას მოგცემთ თბილისის არაერთი ღირსშესანიშნაობა მოინახულოთ, მათ შორის მეტეხი, ულამაზესი ლეღვთახევის კანიონი და ახლომდებარე ბოტანიკური ბაღი.
აბანოთუბანი არა მხოლოდ დასვენებისა თუ განტვირთვის ადგილია, არამედ ის არის ცოცხალი კერა - უნიკალური ისტორიული უბანი, სადაც ქალაქის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვეობას ჰარმონიულად ერწყმის.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

80მ
ლეღვთახევი

120მ
ჯუმა მეჩეთი

190მ
ბოტანიკური ბაღი

200მ
წმ. გიორგის ეკლესია

250მ
ბეთლემის ქუჩა

შარდენის ქუჩა

300მ
ნარიყალა




