
ანჩისხატი
ანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესია იგივე მარიამწმიდისა და ზარის ეკლესია, თბილისის ერთ-ერთი უძველესი ტაძარი და ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია.
ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძრის აშენება 522-534 წლებში, იბერიის მეფის, ვახტანგ გორგასლის ძის - დაჩი უჯარმელის სახელს უკავშირდება, რომლის მმართველობის დროს ასევე დასრულდა ქალაქის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოვიდა.
არაბთა ბატონობის პერიოდში, ანჩისხატი იყო საქართველოში ერთადერთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურთ ზარების დარეკვის უფლება ეძლეოდათ, სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება - ,,ზარის ეკლესია“, ხოლო უშუალოდ სახელწოდება ანჩისხატი - XVIII საუკუნიდან გვხვდება, როდესაც XII-XIII საუკუნეების ოქრომქანდაკებელის ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი ანჩის საკათედრო ტაძრიდან აქ გადმოასვენეს. დღეისათვის, ტაძრის მთავარი სიწმინდე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
აღსანიშნავია, რომ ანჩისხატის ტერიტორიაზე აშენებული იყო საქართველოს კათოლიკოსების სასახლე და მათი კარის ეკლესია. ერეკლე II-ის მეფობაში კი ანჩისხატთან სემინარიაც დაარსდა.
მისი არქიტექტურით ანჩისხატი სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით, ხოლო კედლების ზედა ნაწილი და ყველა შიგნითა ბოძი, XVII საუკუნის რესტავრაციის შემდგომ, აგურისაა. არაერთის რესტავრაციისა და განახლების მიუხედავად, ტაძარმა პირვანდელი არქიტექტურული კომპოზიცია შეინარჩუნა, ამასთან, თავდაპირველი თლილი ქვით ნაშენი კედლების ქვედა ნაწილი და სამხრეთ კედელთან დაცული სანათლავის ნაშთი უშუალოდ VI საუკუნისაა.
საქართველოს ისტორიითა და რელიგიური მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირთათვის, ანჩისხატის ბაზილიკა აუცილებლად სანახავ ადგილთა რიცხვს განეკუთვნება.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

0მ
შავთელის ქუჩა

20მ
გაბრიაძის თეატრი

180მ
ერეკლე მეორეს ქუჩა

350მ
მშვიდობის ხიდი

400მ
რიყის პარკი

სიონი

500მ
ორბელიანის მოედანი




