
ჯუმა მეჩეთი
თბილისში მუსლიმი მოსახლეობა VII საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება. შუა საუკუნეების მანძილზე ქალაქში რამდენიმე მეჩეთი აიგო. მათ შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შიიტების თბილისის შაჰ-ისმაილის მეჩეთი. ირანის შაჰ ისმაილ I-ლის მიერ მეთექვსმეტე საუკუნეში აგებული მეჩეთი, 1950 წელს მეტეხის ახალი ხიდის მშენებლობის დროს დაინგრა. აღნიშნულის შემდეგ, ჯუმა მეჩეთი, ასევე ცნობილი როგორც თბილისის მეჩეთი, ქალაქის ერთადერთ შემორჩენილ მუსლიმურ სალოცავად იქცა.
ჯუმა მეჩეთი ძველ თბილისში, ნარიყალას ციხის ძირში, ბოტანიკური ქუჩის ბოლოში მდებარეობს. თავდაპირველად, 1723–1735 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს, რომელიც 1740-იან წლებში სპარსელებმა დაანგრიეს. შენობა მეცხრამეტე საუკუნის ორმოციან წლებში არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტის მიხედვით აღადგინეს, თუმცა საუკუნის მიწურულს - 1895 წელს ბაქოელმა მეცენატმა ჰაჯიზეინალაბდინ თაღიევმა მეჩეთი მთლიანად შეაკეთა, რამაც მისი აღმოსავლეთი ნაწილი საგრძნობლად შეცვალა და დღევანდელი სახე მიიღო.
არქიტექტურასთან და უნიკალურობასთან ერთად ჯუმა მეჩეთს მისი უმნიშვნელოვანესი როლიც გამოარჩევს, რამეთუ, ის არის საზიარო სივრცე სუნიტი და შიიტი მუსლიმებისთვის, რომლებიც ღვთისმსახურებას ერთად აღავლენენ. თავდაპირველად, მეჩეთი გაყოფილი ყოფილა ფარდით, რომლის ერთ მხარეს სუნიტები და მეორე მხარეს შიიტები ლოცულობდნენ, თუმცა დღეს მეჩეთი ყველასთვის ერთნაირად გახსნილია, რაც მას მშვიდობიანი თანაარსებობის ერთგვარ სიმბოლოდ აქცევს. მეჩეთთან ასევე მოქმედებს მუსლიმური რელიგიური სკოლა - მედრესე.
ჯუმა მეჩეთი ქალაქის მრავალსაუკუნოვან ისლამურ მემკვიდრეობას ასახავს.
ახლომდებარე ღირშესანიშნაობები

300მ
წმ. გიორგის ეკლესია

ბეთლემის ქუჩა

400მ
შარდენის ქუჩა








