
წმ. გიორგის სომხური ეკლესია
წმინდა გიორგის იგივე სურბ გევორქის ტაძარი, არა მარტო ქალაქში, არამედ სრულიად საქართველოში მცხოვრები სომხური თემისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ძველი თბილისის შუაგულში, ისტორიულ მეიდანთან ახლოს მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის აშენების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს, მისი დაარსების თარიღად 1251 წელი მიიჩნევა. ისტორიკოსთა მოსაზრებით, მისი აგება თბილისში დასახლებულ ერზრუმელ მდიდარ ვაჭარს - უმეკს უკავშირდება, თუმცა, ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ ეკლესია მე-13 საუკუნემდე დიდი ხნით ადრე არსებობდა და უმეკმა, შესაძლოა, მხოლოდ აღადგინა იგი. ზოგიერთი წყაროს თანახმად კი, ტაძარი შესაძლოა 631 წლით თარიღდებოდეს.
თბილისის ეკლესიების უმეტესობის მსგავსად ტაძარი აგურით არის ნაშენი. ეკლესიის გუმბათი საკურთხევლის აფსიდის კედლებსა და შვერილ მსხვილ პილონებს ეურდნობა. ეკლესიაში შემორჩენილია XIX საუკუნის მოხატულობა. XIX საუკუნისაა კანკელიც საკურთხევლის აფსიდის წინ. აღმოსავლეთის ფასადზე ორი სამკუთხა ნიშაა შეჭრილი, ხოლო ჩრდილოეთისაზე ჩაშენებულია 1294 წლით დათარიღებული ხაჩკარის ფრაგმენტი არაბული წარწერით.
ტაძრის ინტერიერს მე-18 საუკუნის ბოლოს ჰოვნატან ჰოვნატანიანის მიერ და მოგვიანებით, 1922-1923 წლებში გევორქ ბაშინჯაღიანის მიერ შესრულებული მხატვრობა ამშვენებს.
1938 წლიდან ეკლესია საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეპარქიის საკათედრო ტაძარია, ამასთან, ეკლესიის ეზოში დაკრძალულნი არიან გამოჩენილი სომეხი მოღვაწენი, მათ შორის, მეფე ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი, მე-18 საუკუნის სახალხო მგოსანი და მომღერალი საიათნოვა და უშალოდ ტაძრის მომხატველი გევორქ ბაშინჯაღიანი.
სურბ გევორქის ტაძარი თბილისის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, რომლის მონახულება შესანიშნავი გზაა ქალაქის მდიდარი ისტორიისა და კულტურის შესასწავლად.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

20მ
ბეთლემის ქუჩა

100მ
შარდენის ქუჩა

200მ
აბანოთუბანი

230მ
დიდი სინაგოგა

250მ
ნარიყალა

თბ. ისტორიის მუზეუმი

300მ
სიონი




