
სამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარი და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 და ქრისტიანობის 2000 წლისთავის აღსანიშნავად აიგო.
ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების მიწურულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს გაუჩნდა. თავდაპირველად, ტაძრის აშენება ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის მახლობლად იყო გადაწყვეტილი, თუმცა საბოლოოდ მისი აშენება ელიას მთაზე გადაწყდა. ტაძრის მშენებლობა 1995 წელს არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტის მიხედვით დაიწყო და 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
პროექტის თანახმად, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, სასტუმროებისა და სხვა დამხმარე შენობებისაგან. მთლიანი კომპლექსისათვის ელიას მთაზე 11 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო.
ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს.
ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს. ესაა ნაზავი ჯვარგუმბათოვანსა და ცენტრალურგუმბათოვანს შორის. ამავდროულად, ტაძარი საქართველოს ყველაზე დიდი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რელიგიური ნაგებობაა. ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრია. საკუთრივ ჯვრის სიმაღლე კი შვიდმეტრნახევარია. იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის, ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს იტევს.
სამების საკათედრო ტაძარი არა მხოლოდ ქალაქის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, არამედ სრუალიად საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

300მ
ცერემონიების სასახლე

800მ
რიყის პარკი

1კმ
გაბრიაძის თეატრი

1კმ
ანჩისხატი

1.1კმ
მშვიდობის ხიდი

მეტეხი

1.3კმ
ორბელიანის მოედანი




