სვანეთი
დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედის სამხრეთით ნაწილში მდებარე სვანეთი, მისი ზღაპრული ბუნების, თვალწარმტაცი პეიზაჟების, უძველესი ტრადიციებისა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის გამო, მოგზაურთათვის უსაზღვროდ მიმზიდველი მხარეა.
სვანეთი ქვეყნის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია, სადაც საქართველოს ყველაზე მაღალ მწვერვალ შხარასთან ერთად, არაერთი მყინვარწვერი მათ შორის - გისტოლა, თეთნულდი და უშბა მდებარეობს. ბუნებრივი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რეგიონი ალპინიზმისა და სათხილამურო სპორტისათვის საუცხოო ადგილია. თეთნულდისა და ჰაწვალის ზამთრის კურორტები, სრიალის მოყვარულთ შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოცდილებას ჰპირდება. ამასთან, სვნაეთი, მისი ალპური ბუნებით, კამკამა ტბებით, მდინარეებით, ჩანჩქერებითა და კავკასიონის დიდებული მწვერვალების პეიზაჟებით, ლაშქრობისათვის ერთერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია.
ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, მხარე უდიდეს ისტორიულ მემკვიდრეობას ინახავს. საუკუნეების მანძილზე სვანეთი ქართული ეკლესია-მონასტრების განძთსაცავი იყო. დღესაც, რეგიონში სტუმრობა არაერთი უძველესი მონასტერის მონახულების საშუალებას მოგცემთ.
ცალკე აღნიშნვნას საუკუნეების მანძილზე ამაყად მდგომი, რეგიონისათვის დამახასიათებელი, საცხოვრებელი და თავდაცვითი ფუნქციის მქონე, რიყის ქვითა და ლოდებით ნაშენი - 20-30 მეტრის სიმაღლის ტრადიციული სვანური კოშკები იმსახურებს. უშგულის თემის სვანური კოშკები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს.
სვანეთის უნიკალური კულტურა და ბუნება, თავგადასვლების მოყვარულთათვის აუცილებლად სანახავ ადგილთა რიცხვს განეკუთვნება.
აღმოაჩინე სვანეთი

იპოვე სასტუმრო სვანეთში
პოპულარული მიმართულებები

Discover Svaneti
through our articles and personal stories






































